ამერიკული და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები
15 ივლისი, 2014
ამერიკული და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"-მ, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020" პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა პროფესორმა ნენსი მარლენიმ და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს. 

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. 

პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისაგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მეშვეობით, მომავალი 20 წლის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება ამერიკული და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები. ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ და საერთაშორისო სტანდარტების დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში, რაც შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას ვულოცავ ამ შესანიშნავი საქმის წამოწყებას! პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა აშენონ!" 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა: "დღეს მნიშვნელოვანი მემორანდუმი ფორმდება. ყველანი მივედით იმ ეტაპზე, როცა უშუალოდ ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას. უნივერსიტეტებში მომზადდება პროფესორ-მასწავლებლები, შეიქმნება საჭირო ინფრასტრუქტურა - ლაბორატორიები და ა.შ. ეს არის სერიოზული გარდატეხა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რომელიც პირდაპირ აისახება სწავლის ხარისხზე".


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის ნენსი მარლენის თქმით, "ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სტუდენტებს საქართველოდან შესაძლებლობას მისცემს, განათლება საქართველოშივე მიიღონ და აიღონ ამერიკული დიპლომი. მიმართულებები საკმაოდ პრესტიჟულია: ბაკალავრიატის დონეზე განხორციელდება საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური პროფესიების პროგრამები".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary