პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 სექტემბრამდე გრძელდება
18 სექტემბერი, 2014
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 სექტემბრამდე გრძელდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საინფორმაციო ცენტრში პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს გაეცნო.

როგორც თამარ სანიკიძემ საქართველოს საინფორმაციო ცენტრში რეგისტრაციის პროცესის გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დამსაქმებლებს კვალიფიციური კადრები სურთ, რაც დღეს დეფიციტია.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შანსი და ყველაზე უსწრაფესი გზა დასაქმებისკენ, ამაში დაინტერესებულები არიან კერძო სექტორისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის აღნიშნავენ, რომ აქვთ კადრების დეფიციტი და ისინი ხარჯავენ უამრავ რესურსს შემდეგ უკვე დასაქმებულ კადრებზე, ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ის, რასაც სთავაზობს სახელმწიფო სწავლის მსურველებს, სრულიად დაფინანსებულ პროფესიულ განათლებას, დროულად მივიდნენ და დარეგისტრირდნენ" - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს სახელმწიფო დაფინანსებით მისთვის სასურველი პროფესიის - ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით დაუფლება შეუძლიათ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, ასევე სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ხდება.

აღნიშნულ თემაზე "თავისუფალ ასოციაციასთან" განმარტება თბილისის საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრატორმა მარინე წიკლაურმაც გააკეთა: "პროფესიული განათლების მიღების მსურველებისთვის არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი და ნებისმიერ მსურველს, რომელმაც ცხრა კლასი დააამთავრა და სურს, დაეუფლოს პროფესიას, 20 სექტემბრამდე შეუძლია, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ პროფესიაზე. სწავლის ხანგრძლივობა განსხვავდება პროფესიის მიხედვით. არის მინიმუმ ექვსთვიანი კურსები და გრძელდება ორ წელიწადნახევრამდე. სახელმწიფო კოლეჯებში სწავლა სრულიად ფინანსდება, ხოლო კერძო სასწავლებლებში საფასური პროფესიის მიხედვით არის".

რეგისტრაციაზე მყოფი პროფესიული განათლების მსურველების თქმით, ეს არის კარგი შანსი ყველასთვის, რომ შეისწავლონ მათთვის სასურველი პროფესია, მიიღონ პრაქტიკა და დასაქმდნენ მათთვის სასურველ ადგილზე.

"ეს პროგრამები ეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ვერ დაამთავრეს 12 კლასი და ვერ შეძლეს ეროვნული გამოცდების ჩააბარება, შეისწავლონ მათთვის საინტერესო პროფესია და მიეცეთ დასაქმების შანსი" - აღნიშნეს პროგრამაში ჩართვის მსურველებმა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 6 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. დღეისათვის დარეგისტრირებულია 8700-ზე მეტი სტუდენტი, რაც დააახლოებით 85%-ს წარმოადგენს იმ ადგილებისა, რაც განკუთვნილია პროფესიული განათლების მსურველებისთვის.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary