მემორანდუმი ქართულ და ავსტრიულ მხარეებს შორის
02 ოქტომბერი, 2014
მემორანდუმი ქართულ და ავსტრიულ მხარეებს შორის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალური სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ავტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰანსპეტერ ჰუბერმა მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ხელს უწყობენ განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და სიახლეების ტრანსფერს, როგორც პოლიტიკურ, ისე საექსპერტო საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სისტემის სტრუქტურის, სასწავლო გეგმების, დიდაქტიკური მასალების განვითარებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც დღეს განათლების სამინისტროსთან გავაფორმეთ. ეს არის საფუძველი მომავალი თანამშრომლობისთვის ავსტრიასა და საქართველოს შორის. ამ მემორანდუმის ფარგლებში დამყარდება მჭიდრო კავშირი ავსტრიულ და ქართულ სკოლებს შორის. ქართველ პედაგოგებს ექნებათ პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა, ასევე დაესწრებიან გერმანული ენის ტრენინგებსა და სემინარებს" – განაცხადა ავტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰანსპეტერ ჰუბერმა.

მხარეები გამოცდილებას ინტენსიურად გაუზიარებენ პროფესიული განათლების სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, მეღვინეობისა და ტურიზმის სექტორებში. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ვირტუალურ კომპანიებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის.

"მნიშვნელოვანი შემოთავაზება იყო მეწარმეობის სწავლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ კურსს ფოკუსირებული მიდგომით, მანამდე ეკონომიკური განათლების კონტექსში ისწავლებოდა და მათ უკვე აქვთ გამოცდილება ამ საგნის სწავლების, მათ აქვთ მოსწავლეების ვირტუალური კომპანიები, ისინი გვთხოვენ ჩვენ, რომ თუ მოვახდენთ ფორმირებას, რაშიც დახმარებას გაგვიწევენ,  ამ მოსწავლეებსა და კომპანიებს შორის იქნება ვირტუალური თანამშრომლობა და ეს იქნება ახალი ეტაპი მემორანდუმის ფარგლებში" – განმარტა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

სასკოლო პარტნიორობის პროგრამების მეშვეობით, მხარეები ერთმანეთს ხელს შეუწყობენ საქართველოსა და ავსტრიულ სკოლებს შორის კონტაქტების გაძლიერებასა და მრავალმხრივ სასკოლო ქსელებში მონაწილეობაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary