აქცია - 650 ხე დიღმის ტყე-პარკში
10 ოქტომბერი, 2014
"ლიდერთა კლუბის" ოფისში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - "ეკოლოგია და გამწვანების მნიშვნელობა თბილისისთვის".

ლექცია წაიკითხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის წარმომადგენელმა მარინე ზუხბაიამ. 

ლექციას 30-მდე სტუდენტი დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს თემები თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს გამწვანების აქცია, როგორ უნდა დაირგას ხე, რა ჯიშის ხე არის ამისათვის საჭირო, როდის არის სეზონი, რა ნიადაგზე უნდა დაირგას, რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რატომ უნდა მოხდეს ნაგვის გადამუშავება და რამ შეიძლება გამოიწვიოს ოზონის შრის დაზიანება.

ლექცია გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიდერთა კლუბის" ორგანიზატორობით. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიდერთა კლუბის" პრეზიდენტმა ლაშა თაკალანძემ განაცხადა, თბილისი დღეს ევროპაში ერთ–ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქადაა მიჩნეული და ამისთვის საჭიროა ადამიანებში მოხდეს ეკოლოგიური პრობლების გაცნობიერება. 

"დღევანდელი შეხვედრა არის საგანმანათლებლო ხასიათის გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას არ აქვს ძირეული ინფორმაცია ეკოლოგიაზე, გამწვანების მნიშვნელობაზე თბილისში. ამიტომ ლექციათა ციკლს ვგეგმავთ. კონკრეტულად თბილისისთვის იმიტომ, რომ თბილისში არის საშინელი ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერი ბინძურდება ავტომობილების გამონაბოლქვით. ავტომობილების უმრავლესობას არ აქვს კატალიზატორი და ბენზინის გამონაბოლქვი აბინძურებს გარემოს" – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიდერთა კლუბის" პრეზიდენტმა ლაშა თაკალანძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიდერთა კლუბი" ოქტომბრის ბოლოს გეგმავს პროექტს - 650 ხის დარგვას დიღმის ტყე-პარკში. მსურველებმა კი უნდა გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია და შეავსონ ონლაინ აპლიკაცია.

"ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის "ლიდერთა კლუბის" ხელმძღვანელობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი - ახალგაზრდული ორგანიზაციები განახლებული თბილისისათვის. ვგეგმავთ სხვადასხვა სახის ეკოლოგიური სახის პროექტის განხორციელებას. ამ ეტაპზე ჩვენი პირველი ნაბიჯი ეს არის გამწვანების აქცია, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტობრის ბოლოს დიღმის ტყე-პარკში, სადაც 650 ხე უნდა დავრგოთ, მონაწილეობას მიიღებს ყველა მოხალისე, რომელიც შეავსებს ონლაინ აპლიკაციას. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 16 ოქტომბერი, ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია, შემოგვიერთდეს" – განმარტა ლაშა თაკალანძემ.

"დღეს ძალიან კარგი იდეები მოვისმინე, საინტერესო იყო და კარგი იქნება მსგავსი სემინარები თუ ისევ ჩატარდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ხეები უნდა დავრგოთ და გავუფრთხილდეთ. ასევე მნიშვნელოვანი იყო თემა ნაგავსაყრელების შესახებ და აუცილებლად უნდა იყოს სამი ფერის განსხვავებული ნაგავსაყრელი, რომ ნაგავი გადამუშავდეს" – განაცხადა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას დამსწრემ თამუნა ლეჟავამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary