„სასტუმრო ორიანტი/მხატვრის სახლი“ - დისკუსია DVV International - ში
29 ნოემბერი, 2014
„სასტუმრო ორიანტი/მხატვრის სახლი“ - დისკუსია DVV International - ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) ოფისში გამოფენის შესახებ, რომლის სახელწოდებაა: "სასტუმრო ორიანტი/მხატვრის სახლი", მოხსენებათა ციკლი გაიმართა.

 

დისკუსია სცენოგრაფიაზე, დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართველი და გერმანელი ხელოვანები. მომხსენებელმა, ირინა ქურთიშვილმა ისაუბრა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში მოწყობილი გამოფენის მთავარ მიზანზე, ასევე, თუ როგორ მოეწყო ექსპოზიცია და გამოფენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სტუმრებმა მოხსენებები სივრცით-აკუსტიკურ ინსტალაციასა და ვიდეოინსტალაციაზე წარმოადგინეს.


მომხსენებლებმა სასტუმრო ორიანტის, იგივე, მხატვრის სახლის ისტორიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, კინო რუსთაველის გვერდით, 1868 წელს აშენდა, თავდაპირველად სასამართლოს შენობა იყო, შემდგომში მისი ფუნქცია იცვლებოდა. შენობა მხატვართა კავშირს გადაეცა, სადაც ინახებოდა ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები. "მხატვრის სახლი", როგორც ცნობილია, საომარი მოქმედებების დროს დაინგრა.

პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერის, DVV International - ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილემ, ლიკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ არქიტექტორ ვლადიმერ ქურთიშვილს ჰქონდა კონკრეტული პროექტი, რომელიც "მხატვრის სახლის" აღდგენას ითვალისწინებდა.

"გამოაცხადეს კონკურსი, ირინა ქურთიშვილის მამა იყო ერთ-ერთი მონაწილე, ძალიან საინტერესო მასალები ჰქონდა, თავისი ბრძანებებით, დადგენილებებით, რომ ეს შენობა უნდა აღდგენილიყო. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ იტალიელები, ფრანგები, სხვათა შორის, ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა. პროექტით, ფასადის შენარჩუნება იყო განსაზღვრული. არსებობდა კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა აღდგენილიყო ეს შენობა, შემდეგ ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა აღარ მოხერხდა. ლიტერატურის მუზეუმში "მხატვრის სახლის" შენობასთან დაკავშირებული მასალებია გამოფენილი . ნამუშევრები ძალიან საინტერესო ფორმით არის წარმოდგენილი. გამოფენას "წარსულის მომავალი" ჰქვია." - აღნიშნა ლიკა კაციტაძემ.

"გამოფენა არა მხოლოდ საარქივო მასალაა, არამედ, პროცესი, რომელიც არასოდეს სრულდება. არტისტის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ამ პროცესის არსებობა. მნიშვნელოვანია ბატონი ქურთიშვილის პროექტი და საწყენია, რომ არ განხორციელდა. ჩვენ დავკარგეთ "მხატვრის სახლი". ეს სახლი იყო უნიკალური ინსტიტუტი, რომელიც ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნია" - განაცხადა ხელოვანმა, ილიკო ზაუტაშვილმა.

დისკუსიაზე ახალგაზრდების სიმცირე, იმის მანიშნებელი იყო, რომ ახალგაზრდა თაობა ნაკლებად ინტერესდება ისტორიული შენობების ბედით, რაც თავად მომხსენებლებმაც შენიშნეს.

მარიამ გურგენიძეს მეგობრებთან ერთად დაფუძნებული აქვს ორგანიზაცია "ძეგლის მეგობარი". ამბობს, რომ მსგავსი თემატიკის შეხვედრებში ხშირად მონაწილეობს.

"გამოფენა არ მაქვს ნანახი, მაგრამ ჩავთვალე, რომ მოხსენებები და დისკუსია საინტერესო იქნებოდა, მოვედი და მართლაც ასეა. უკეთესია, რომ ჯერ დისკუსიას დავესწარი და შემდეგ ვნახავ გამოფენას. კონკრეტულად, დამაინტერესა "მხატვრის სახლის" შესახებ ისტორიულმა ცნობებმა. "მხატვრის სახლი" თბილისისთვის მნიშვნელოვანი შენობა იყო. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობა გვაქვს და ეს გამოფენაც ალბათ, ერთგვარი პროტესტია იმისა, რაც ხდება დღეს და კარგი იქნება, თუ საერთოდ გააქტიურდება საზოგადოება და დროული იქნება ეს პროტესტი. როგორც დღევანდელი საუბრიდან ჩანს, იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ თუ სურვილი იქნებოდა, შეიძლებოდა შენობის აღდგენა და პირვანდელი სახით შენარჩუნება. ამ შემთხვევაში, ძალიან უცნაური შენობა შენდება, ჯერჯერობით მხოლოდ ბეტონია და ძალიან მასიური ნაგებობაა, რაც უკვე ფორმებითაც და მოცულობით არღვევს იქაურ გარემოს. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ადგილებში იწყება მშენებლობა, ვფირობ, რომ ფართო საზოგადოებრივი განხილვები უნდა მიმდინარეობდეს, თუ როგორი შენობა უნდა აშენდეს ამა თუ იმ ადგილას" - აღნიშნა მარიამ გურგენიძემ.

გამოფენა "სასტუმრო ორიანტი/მხატვრის სახლი" ლიტერატურის მუზეუმში 18 იანვრამდე გაგრძელდება.





 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary