სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე გამოფენა გაიმართა სახელწოდებით - "კლასიკა და მოდერნიზმი 21-ე საუკუნის კალიგრაფიაში".
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოთარ მჭედლიშვილისა და ალექსანდრე მამუკაშვილის კალიგრაფიული ნამუშევრები, ხელნაწერი წიგნები და კერძო კოლექციებში დაცული მასალა. გამოფენაზე მისულ ადამიანებს შეეძლოთ, ენახათ განსხვავებული ტექნიკითა და სხვადასხვა საწერ მასალაზე შესრულებული ნამუშევრები.
კალიგრაფ ალექსანდრე მამუკაშვილის თქმით: "დღესდღეობით იშვიათად ტარდება მსგავსი გამოფენები და გვინდა, საზოგადოება მეტად ჩაერთოს ამგვარ ღონისძიებებში, მეც დამწყები კალიგრაფი ვარ, ჩვენი ნამუშევრები, ძირითადად, შექსპირის სონეტების მიხედვით არის შექმნილი".
"როდესაც გადავწყვიტეთ, გამოფენა გაგვეკეთებინა, ვფიქრობდით ისეთი ნამუშევრები გამოგვეფინა, რაც საინტერესო იქნებოდა ყველასთვის. ჩვენ ვართ შპს "არტი", არ გვაქვს დაფინანსება. კალიგრაფიის სკოლებს გავხსნით თბილისსა და რუსთავში. გაკვეთილები ჩატარდება შაბათ-კვირას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს. ახლო მომავალშიც ვეცდებით, გავაკეთოთ მსგავსი გამოფენები" - განაცხადა კალიგრაფმა ოთარ მჭედლიშვილმა.