ვაკის პარკში აქცია გაიმართა სახელწოდებით - "ხელმოწერების მოგროვება ვაკის პარკის გადასარჩენად".
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნატა ფერაძემ ისაუბრა აქციის მიზეზსა და მიზანზე. მისი თქმით, 2013 წლის დეკემბერში დაიწყო ამ სასტუმროს მშენებლობა, თუმცა, გამოაცხადეს, რომ ეს არ არის ვაკის პარკი და არის ჭავჭავაძის გამზირის 68 ნომერი, რაც ტყუილია.
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა სასტუმროს მშენებლობის გაჩერებასა და სარეკრეაციო ზონის შენარჩუნებას, რაც არ გააკეთეს და ისევ ისე გრძელდება ყველაფერი. ინვესტორი გამოვიდა და თქვა, რომ ამ დღეებში განაახლებს მშენებლობას და დავით ნარმანიას გამოსვლიდანაც იგივე ითქვა. შესაბამისად, იძულებულები გავხდით, რომ სახალხო პროტესტით შევაჩეროთ. გავერთიანდით 12 არასამთავრობო და სახალხო ორგანიზაცია, გვქვია "ერთად" და ერთად ვიცავთ ქალაქგეგმარებას თბილისში. 6000 ხელმოწერით ერთი პეტიცია შეტანილი გვაქვს უკვე, რაზეც არ მოახდინეს რეაგირება. ახლა კიდევ დავამატებთ ხელმოწერებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გვეხმარება ზუსტად ამ ხელმოწერილი ხმების დაცვაში" - განაცხადა ნატა ფერაძემ.
აქციაში მონაწილეობდა მუსიკოსი შოთა ადამაშვილი, რომელმაც ისაუბრა თავის პოზიციაზე: "რეკრეაციულ ზონაში ამხელა ტერიტორიის დაკავება უზარმაზარი შენობით არ უნდა ხდებოდეს, ისტორიული ადგილია, ისედაც ძალიან დახუთული ქალაქია და ეკოლოგიურად საშინლად დაბინძურებული. მეორე ის, რომ საზოგადოებასთან შეუთანხმებლად არ უნდა ხდებოდეს ასეთი წამოწყება. როგორც ვიცი, ჯერ კიდევ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ წამოიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ახალმა უნდა დაიცვას საზოგადოების ინტერესი".