„ბრონქსური ისტორია ოქროსუბნურად“
03 თებერვალი, 2015
„ბრონქსური ისტორია ოქროსუბნურად“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თანამედროვე ქართული ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში "მწერალთა სახლმა" კიდევ ერთ პრეზენტაციას უმასპინძლა.

დღევანდელი საღამო ახალგაზრდა მწერლის, ლადო კილასონიას წიგნს "ბრონქსური ისტორია ოქროსუბნურად" მიეძღვნა. კრებული 22 სხვადასხვა მოთხრობისგან შედგება, რომელთა ნაწილიც პერიოდულად იბეჭდებოდა ლიტერატურულ გამოცემებში. ავტორმა ნაწყვეტები წაიკითხა და მის შექმნის ისტორიაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ახალი გამოცემა აქამდე დაწერილ საუკეთესო ნაწარმოებებს აერთიანებს. შეხვედრა გამომცემლობა "ინტელექტის" ორგანიზებით გაიმართა. 

"ეს ჩემთვის რიგით მე–7 წიგნია. ამ მოთხრობებს 2 წლის განმავლობაში ვაგროვებდი. ამიტომ ეს კრებული ყველაზე უფრო დაღვინებულია. ამ ხნის განმავლობაში ბევრ რამეზე შეხედულება შემეცვალა, მაგრამ უცვლელი დამრჩა სტილი. ყოველთვის აღვწერ იმას, რაც მაინტერესებს" – აღნიშნა ავტორმა ლადო კილასონიამ.

როგორც რედაქტორმა ბექა ქურხულმა განაცხადა, წიგნზე მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო.
"გარდა იმისა, რომ ლადოსთან მეგობრობა მაკავშირებს, იგი ჩემთვის ერთ–ერთი საუკეთესო თანამედროვე მწერალიცაა. ეს წიგნი კი საუკეთესოა ყველა მის შექმნილ კრებულებს შორის. პირველად მომეცა რედაქტორობის საშუალება და დიდი სიამოვნება მივიღე".
"ინტელექტის" წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში, ზოგადად, კვირეული შეაფასა: "ღონისძიება 2 თებერვლიდან მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში 5 წიგნს წარვადგენთ. ყველა მათგანი 2014 წელს გამოიცა. შეინიშნება ჟანრობრივი მრავალფეროვნება. ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაციას ახდენს" – გვითხრა ზვიად კვარაცხელიამ.

კვირეული 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary