უცნობი საბჭოთა კავშირი
17 თებერვალი, 2015
უცნობი საბჭოთა კავშირი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების სერია "უცნობი საბჭოთა წარსული" დაიწყო.

მისი მიზანი მოსწავლეების, სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის საბჭოთა წარსულის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოტალიტარული რეჟიმისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. პროექტში მოსახვედრად მსურველებს აპლიკაციისა და გასაუბრების ეტაპი უნდა გადაელახათ. ლექციების მოსმენის გარდა, შერჩეული 30 ახალგაზრდა 5 თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში, სიმულაციურ თამაშებსა და დებატებში. დასასრულს ისინი თავადაც ჩაატარებენ პრეზენტაციებს გორის სხვადასხვა სკოლაში. "უცნობი საბჭოთა კავშირი" არასამთავრობო ორგანიზაციის "თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის" და "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს" ორგანიზებით განხორციელდა.

ორგანიზატორები პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრნენ:
"ჩვენი ბიურო დემოკრატიული პოლიტური კულტურის ჩამოყალიბების პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უახლესი წარსულის გააზრებას. პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ მეცნიერებებში საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი პირობა უკვე მომხდარი მოვლენების ანალიზია. 2003 წლიდან მოყოლებული მსგავსი პროექტების მხარდაჭერა, ფაქტობრივად, ჩვენს ტრადიციად იქცა" – განაცხადა "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს" წარმომადგენელმა მალხაზ სალდაძემ.

პროექტმა ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია.
"ძალიან კარგი პროექტია. იგი ახალგაზრდა თაობას დაანახებს საბჭოთა კავშირის რეალურ სახეს. როგორც კი შევიტყვე, მასში მონაწილეობის სურვილი თავადაც გამიჩნდა, რათა ინფორმაცია მიმეღო იმ ეპოქაზე, რომელმაც თითქმის საუკუნე გასტანა და დღესაც კი გარკვეულწილად განაპირობებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას. მისასალმებელია ფაქტია ისიც, რომ უფასოა და შესაბამისად, ყველა დაინტერესუბულ ახალგაზრდას ექნება მონაწილეობის თანაბარი შანსი" – გვითხრა მოსწავლემ თორნიკე ყურელმა.
"აქამდე არ მსმენია, რომ ტრენინგი საბჭოთა კავშირის შესახებ ჩატარებულიყოს. ვფიქრობ, ეს თემა გორელი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, როგორც პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ისე ტურისტებისთვის რეალობის გასაცნობად" – აღნიშნა სტუდენტმა მანანა ბერიძემ. 

"პირველ ეტაპზე არჩევანი გორზე შევაჩერეთ, რასაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ადამიანი, რომელიც 30 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემას ქმნიდა, გორში დაიბადა და დღემდე თანაქალაქელებში არაერთგვაროვან გრძნობებს იწვევს. ვფიქრობთ, საბჭოთა წარსული ქვეყნისთვის ტვირთი იქნება მანამ, სანამ მას ტაბუს დავადებთ, საფუძვლიანად არ შევისწავლით და გავიაზრებთ ამ რეჟიმს" - გვითხრა ორგანიზაციის "თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის" წარმომადგენელმა სალომე ხვადაგიანმა.

აღნიშნული პროექტი საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary