საქართველოს უახლესი ისტორიის უცნობი ფურცლები
24 თებერვალი, 2015
საქართველოს უახლესი ისტორიის უცნობი ფურცლები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტი სახელწოდებით - "იუნკერი ივანე ნანუაშვილი - საქართველოს უახლესი ისტორიის უცნობი ფურცლები" დაიწყო.

პირველი დღის ფარგლებში აღნიშნული პიროვნების არქივში დაცული ფოტო და დოკუმენტური მასალა გამოიფინა. აგრეთვე, ამავე სახელწოდების ლექცია სპეციალურად თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის იუნკრებისთვის გაიმართა. იგი მეცნიერმა შორენა მურუსიძემ წაიკითხა. მან აუდიტორიას ივანე ნანუაშვილის ცხოვრების საინტერესო დეტალებსა და მის ღვაწლზე მოუთხრო.

"საქართველოს ისტორიაში 25 თებერვალი ოკუპაციის დღედ მიიჩნევა. ეს პროექტიც სწორედ ამ თემას ეძღვნება. ჩვენ დაახლოებით 5 წელია, რაც მას ვახორციელებთ. ამ დროს გამოიფინება ცენტრში დაცული მასალა, რომელიც ოკუპაციას ეხება, ან ამ პერიოდის ომში მონაწილე ადამიანების ცხოვრებას. დღევანდელი ჩვენი მთავარი პერსონაც ერთ–ერთი მათგანია. გარდა სამხედრო საქმიანობისა, იგი წერდა საინტერესო სტატიებს, წიგნებსა თუ ნაშრომებს. აქტუალური მიმოწერა ჰქონდა აშშ–ს პირველ პირებთან: კენედისთან, ნიქსონთან და ა.შ. იგი ამგვარად განაგრძობდა ბრძოლას შორეული სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის" – გვითხრა ისტორიკოსმა შორენა მურუსიძემ.

შეხვედრაზე სიტყვით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზურაბ სამარღანაშვილიც გამოვიდა:
"მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ორგანიზატორს. აგრეთვე, იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იკვლევდნენ და ინახავდნენ ამ მასალას, რომ შემდგომში ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. აგრეთვე, თავდაცვის სამინისტროს, რომელიც უკვე მრავალი წელია გვეხმარება. იმედი მაქვს, მომავალში ერთობლივად საზოგადოებისთვის საინტერესო პროექტებს კვლავ განვახორციელებთ" – განაცხადა მან.

დღევანდელ ლექციას 30–მდე იუნკერი ესწრებოდა.
"ჩვენ მეტი ვიცით სამშობლოში გმირულად დაღუპულების შესახებ. თუმცა, სამწუხაროდ, ემიგრაციაში წასულ პირებზე მწირი ინფორმაცია გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მეტი შევიტყო მასზე, ვისზეც, სამწუხაროდ, აქამდე ბევრი არაფერი მსმენია. თანაც ეს ადამიანი თავდადებით იბრძოდა და იღწვოდა საქართველოსთვის" – თქვა იუნკერმა ლევან მელიქიშვილმა.

პროექტის ფარგლებში გამოფენის გარდა დაგეგმილია სხვა ლექციებიც, რომლებიც დისკუსიის რეჟიმით წარიმართება. მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აგრეთვე, სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის მომზადდა საგანგებო კითხვარი, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტების საშუალებით უნდა შეავსონ. ისინი ჩაატარებენ მცირე ჯგუფურ კვლევას, შემდგომ კი შედეგებს პრეზენტაციის სახით წარადგენენ. ასევე, მათთვის შეიმუშავეს საგანგებო საექსკურსიო გეგმა, რათა ნაყოფიერად განახორციელონ გამოფენაზე ვიზიტი.

27 თებერვალს ჩატარდება ლექცია "რა უნდა ვიცოდეთ ვანო ნანუაშვილის შესახებ". პროექტი ამავე დღეს 17:00 საათზე დასრულდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary