გია როინიშვილი თანამედროვე ხელოვნების შესახებ
03 მარტი, 2015
გია როინიშვილი თანამედროვე ხელოვნების შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გია როინიშვილმა საჯარო შეხვედრა გამართა.

საუბრის თემა იყო თანამედროვე ხელოვნების პერსპექტივა ევროპულ საქართველოში. მსახიობმა ქართულ კულტურას უწყვეტი უწოდა და მაგალითები საქართველო ისტორიიდან მოიყვანა. მან ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რამაც გადაარჩინა ქართველი ხალხის თვითმყოფადობა. აგრეთვე, ჩვენი კულტურის საკაცობრიო მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი:
"კულტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კულტურა ევროპულის ნაწილია, სრულიად გასაგებია ის მოთხოვნილება, რომ კვლავ ამ სივრცეს დავუბრუნდეთ. ისტორიამ ბევრი რამ დაგვაკარგვინა, მაგრამ ევროპა ჩვენი სახლია, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდებით".

საუბრის დიდი ნაწილი ქართული ხელოვნების განვითარების გზას დაეთმო.
"თანამედროვე ხელოვნება თანადროულ ეპოქაში იქმნება. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ამ დროის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. იგი უნდა იყოს დაფუძნებული წარსულის გამოცდილებაზე. თუმცა, ძველ დროში არ უნდა ჩარჩეს და თავისი ინდივიდუალობა შეინარჩუნოს" – განაცხადა გია როინიშვილმა.

შეხვედრის ბოლო ნაწილში დისკუსია შედგა. მას 40–მდე ადამიანი ესწრებოდა. როგორც ერთ–ერთმა მათგანმა თქვა, ლექცია მისთვის საინტერესო აღმოჩნდა:
"გია როინიშვილი განათლებული ადამიანია. მომწონს მისი შეხედულებები და ძირითად ნაწილს თავადაც ვიზიარებ. განსაკუთრებით მომეწონა ბაგრატის ტაძრისა და კოლიზეუმის შედარებითი ანალიზი. მან თქვა, რომ არასწორია, როცა ამ ორ ნაგებობის აღდგენა–არაღდგენის საქმეს ერთ ჭრილში განიხილავენ. ბაგრატი ჩვენთვის სამუზეუმო ექსპონატი არ არის. იგი გარდა ისტორიულისა, სარიტუალო ფუნქციასაც ასრულებს, კოლიზეუმისგან განსხვავებით" – აღნიშნა დავით ნაკაშიძემ.

მსგავსი შეხვედრა სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყოველ კვირას ტარდება. ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩვენ დირექტორს, ანდრო ბარნოვს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ამჟამად ხორციელდება, როგორც თავად ბიბლიოთეკის, ისე სხვადასხვა ორგანიზაციის პროექტები.

"ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქცია, რა თქმა უნდა, წიგნების გაზიარებაა. რაც მთავარია, გვაქვს ექსკლუზიური, იშვიათი გამოცემები, რომელთაც სხვაგან ვერ ნახავთ. გარდა ამისა, ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება. კვირაში მინიმუმ ორჯერ სხვადასხვა ლექცია ტარდება. ვაჩვენებთ ფილმებს, ვიწვევთ ამ სფეროს პროფესიონალებს და შემდეგ იმართება დისკუსია. გვაქვს ასევე პროექტი "კაპიტოლიუმი", რომელიც საჯარო გამოსვლის კონკურსია. ასევე მნიშვნელოვანია "პლატინუმი", რომლის საშუალებით სტუდენტები მოსწავლეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ საინივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. მალე იგეგმება სტუდენტური პრესკლუბის ტიპის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს თავისუფალ სივრცეს მისცემს. მთავარია, მათ საინტერესო თემა შეარჩიონ. ძირითად სამიზნე ჯგუფს ახალგაზრდები შეადგენენ, თუმცა, ყველა ასაკის ადამიანი ხშირად გვსტუმრობს. ჩვენი მოწოდება ახალგაზრდებისადმი არის ის, რომ თუ ექნებათ იდეა, რომლის განხორცილებაში ხელშეწყობა შეგვიძლია, ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ" – გვითხრა ანდრო ბარნოვმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary