თვითნებობიდან თავისუფლებამდე
04 მარტი, 2015
თვითნებობიდან თავისუფლებამდე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მწერალთა სახლში ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა.

ფილოლოგმა ენტონი ბერჯესის "მექანიკური ფორთოხლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იგი ძალიან თეოლოგიური ნაწარმოებია და ბევრ მორალურ გზავნილს შეიცავს. შინაარსის გარდა, მან ყურადღება ნაწარმოების სიმბოლიკაზეც გაამახვილა. მომხსენებელმა დაწვრილებით გაანალიზა ნაწარმოების მორალურ–ეთიკური მხარე. რამდენიმე წინადადებით შეეხო დაწერის ისტორიასაც. ასევე, განხილვის საგანი ტექსტის ენაც იყო:
"სლენგი, რომელიც ბერჯესმა გამოიყენა, ბუნებაში არ არსებობს. ეს თავად მოიგონა და უწოდა "ნაცსატი", ის რუსული ჟარგონია და ტინეიჯერებისთვის დამახასიათებელ მეტყველებას ნიშნავს. აღნიშნული ენობრივი ექსპერიმენტი შემთხვევითი არ ყოფილა. ამით მან სიმბოლურად განასახიერა ახალგაზრდების მისწრაფება განსხვავებულობისკენ" – თქვა ლევან გიგინეიშვილმა.

დასკვნით ნაწილში მომხსენებელი ნაწარმოების მთავარ გზავნილს შეეხო: "მთავარი გმირი, ალექსი არის ლაკმუსი, რომელმაც გამოაშკარავა ბოროტება. ბოროტებაში ამ შემთხვევაში მოიაზრება სახელმწიფო, რომელიც უარყოფს ადამიანურ უფლებებსა და ეთიკას. იგი თავის თავს აღმერთებს და ითხოვს მსხვერპლს. თუმცა, ადამიანი არ უნდა დაემორჩილოს მას. ჯობია, ჩაიდინო ბოროტება საკუთარი ნებით, ვიდრე სიკეთე ზეწოლის ქვეშ. ავტორს სჯერა, რომ სიკეთის მარცვალი ყველა ადამიანშია. თითოეულ პიროვნებას ცხოვრების რაღაც ეტაპზე თავადვე უჩნდება დადებითი ქმედებების ჩადენის სურვილი. ამის დასტურია ნაწარმოების დასასრული, როცა ალექსი აღწევს თავისუფლებასა და არა თვითნებობას".

შეხვედრა საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა. იყიდებოდა "არილის" ძველი და ახალი ნომრები. შემოსავალიც მთლიანად მოხმარდება ჟურნალის ბეჭდვის ხარჯებს. ჩვენ მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილეს ვესაუბრეთ. 

"ვცდილობთ, ყველანაირად დავუჭიროთ მხარი ჟურნალს. წლევანდელი ნომრები ჩვენი ხელშეწყობით გამოვიდა. ასევე, კულტურის სამინისტროც დაეხმარა მათ. ყოველთვის, როდესაც ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ გამართონ საღამო, ჩვენ ვუთმობთ დარბაზს. საქველმოქმედო შეხვედრა უკვე მეორედ ტარდება. წინა ლექცია ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა" – აღნიშნა ნანა ნიბლაძემ. 

დღევანდელი ლექცია განსაკუთრებით საინტერესო ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა. მას 200–მდე სტუდენტი ესწრებოდა.
"მინდა, რომ მსგავსი ჟურნალები გაცილებით ბევრი იყოს და რაც მთავარია, ბევრ ადამიანს აინტერესებდეს. გარდა ამისა, ლევან გიგინეიშვილის ლექცია ძალიან მაინტერესებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამ ნაწარმოების ეთიკურ ჭრილში განხილვა" – გვითხრა დამსწრემ ირმა როხიშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary