საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ,,გარემოს ცვლილება ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე".
ლექცია ჩატარდა ვალნერის სეზონური აკადემიის ეგიდით, რომელსაც უძღვებოდა ახალგაზრდული ბანაკის აღმასრულებელი დირექტორი მარიკა ვალნერი. მომხსენებლმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ახდენს გავლენას ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე, როგორ პოულობს იგი გამოსავალს კრიზისული მდგომარეობიდან და რა გარემო ფაქტორები მონაწილეობს ყოველივე ამაში. მისი თქმით, ადამიანს ურჩევნია იყოს კომფორტის ზონაში, რადგან მისი გონება მაქსიმალურად ცდილობს, თავი აარიდოს პანიკას, მოქმედებს, იძენს გამოცდილებას. ადამიანი მოტივაციას კარგავს, როცა მას ეტაპობრივად არაფერი გამოსდის და ნებდება.
დისკუსია გაიმართა წარსულზე, აწყმოსა და მომავალზე. ადამიანები ხშირად წარსულს მისტირიან და დროში იყინებიან, რაც ფსიქოლოგიურ დეგრადირებას იწვევს. მარიკა ვალნერმა რჩევა მისცა ახალგაზრდებს, რომ ნუ იფიქრებენ ბევრს, რადგან ფიქრი იგივე დროში მოგზაურობაა, დრო კი ძალიან ცოტა გვაქვს. ადამიანთა შესაძლებლობა ამოუწურავია: "თუ ერთხელ არ გამოგივა, სცადე მეორედ და ნუ გახდები საზოგადოებრივად პასიური, თუნდაც სოციალურ ქსელს მიღმა ამოფარებული ინდივიდი" - განაცხადა მომხსენებელმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი ვალნერის აკადემია სხვადასხვა რეგიონში ატარებს ტრენინგებს, რათა ახალგაზრდებს ჩამოუყალიბონ მოტივაცია და გახადონ მათი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი.