ვთამაშობთ პარიზისთვის „სანამ უფლისწული თავს მოიკლავს“
22 ნოემბერი, 2015
ვთამაშობთ პარიზისთვის „სანამ უფლისწული თავს მოიკლავს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზა"-ში თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა დადგა სპექტაკლი - "ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს".

სპექტაკლის პრემიერა ერთი თვის წინ გაიმართა, თუმცა, მისი განმეორება პარიზში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა. ისინი ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ ფრანგებს.
სპექტაკლი ეხება ქართველ ქალებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, ძალადობის მსხვერპლებს.

"პიესა დავწერე მას შემდეგ, რაც ინტერვიუ ავიღე ემიგრანტებისგან, შშმ ადამიანებისა და ძალადობის მსხვერპლი პირებისგან. ინტერვიუებიდან დავტოვე საინტერესო ფრაგმენტები, ცხადია, რაღაცები შევცვალე, მივეცი პიესის სახე და გადავიტანე სცენაზე. მინდოდა და ვეცადე, ყოფილიყო აქტუალური და სოციალური, რისი დეფიციტიცაა ქართულ სცენაზე. ის 2 მეტრი, რომელიც მაყურებელსა და მსახიობებს ერთმანეთისგან აშორებს, არ მინდოდა ბარიერი ყოფილიყო. არ მაქვს განსაკუთრებული ამბიციები, უბრალოდ, მინდა, ვყვებოდე ნამდვილ ამბებს სცენიდან" - განაცხადა რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა.

"ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და მთელი დასისთვის იმიტომ, რომ დოკუმენტურ მასალებზე აგებული სპექტაკლია. რეალურად არსებობენ ადამიანები, ჩვენი პროტოტიპები, ვისაც ვთამაშობთ. საინტერესო იყო ის, რომ აქ არის მსახიობებისა და თოჯინების სინთეზი და ამან კიდევ უფრო დაამძიმა სიუჟეტი. პატარა მასშტაბის თოჯინების ფონზე გლობალური გამოჩნდა ყველა პრობლემა, რაც აწუხებთ ადამიანებს. ეს პირველი სპექტაკლია, რომელიც ზრდასრულ ადამიანებზე იყო გათვლილი" - განაცხადა მსახიობმა ნათია შეშაბერიძემ.

"ჩვენ, სამყაროს სხვადასხვა კუნჭულში მიმოფანტული ადამიანები ვთანხმდებით, რომ თანადგომა და სოლიდარობა, ტკივილისა და დანაკლისის გაზიარება შეუფასებელი, სანუკვარი რამაა. ჩვენ გვინდა, ხელი გავუწოდოთ ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც ტრაგედია მოულოდნელად დაატყდათ თავს. და მერე რა, თუკი ეს ხელის გაწვდენა არცთუ დიდი მასშტაბის იქნება და უმწეობად აღიქვამს მას ვინმე... გვჯერა, რომ ამ დღის ემოცია და ენერგეტიკა მიაღწევს იქ, სადაც საჭიროა. ჩვენ ამ სპექტაკლს ვუძღვნით და მეგობრობის ხელს ვუწვდით პარიზს, თითოეულ ადამიანს და სრულიად საფრანგეთს - ქვეყანას, რომელსაც არ ეშინია!" - აღნიშნა რეჟისორმა.

დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა მსახიობთა დასი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary