დისკუსია თავისუფალ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
08 ივლისი, 2013
დისკუსია თავისუფალ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თავისუფალ უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
დისკუსია "უფლებების სკოლის" ორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნული პროექტის მიზანია საზოგადოების, კერძოდ, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმეებში და მათი ცნობიერების ამაღლება კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ლევან ლორთქიფანიძემ (ნარინჯისფერი კლუბის დამფუძნებელი), გიორგი გობრონიძემ (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი), ილია ღლონტმა ("უფლებების სკოლის" დამაარსებელი), ნათია ხანთაძემ (თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელი) და სხვებმა.

მათ განიხილეს რექტორის არჩევა-დანიშვნის, პროფესორ-მასწავლებლებისა თუ სხვა აკადემიური პერსონალის ხელფასის საკითხი, აკადემიური საბჭოს უფლება-მოვალეობები.

მოწვეულ სტუმრებსა და სტუდენტებს შორის საკმაოდ მწვავე დებატები გაიმართა. ყველაზე ხმაურიანი კი მაინც რექტორის დანიშვნა-არჩევის საკითხი აღმოჩნდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. ახალგაზრდების ერთი ნაწილის აზრით, აუცილებელი არ არის, რექტორს აკადემიური ხარისხი ჰქონდეს. დოქტორის ხარისხი ავტომატურად არ უნდა ნიშნავდეს რექტორობის კანდიდატობას. უნივერსიტეტის მიზანი კარგი განათლების მიწოდება უნდა იყოს და ამ ყველაფერს კარგი მენეჯმენტი სჭირდება. მათი აზრით, ჭეშმარიტი კონკურენციის პირობებში უნდა გადაწყდეს, ვინ იქნება უნივერსიტეტის რექტორი და არა წინასწარ განსაზღვრული ცენტრალური რეგულაციებით. ახალგაზრდების მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ აკადემიური ხარისხის ქონა სულაც არ გამორიცხავს მენეჯერული თვისებების ქონასაც. მხოლოდ მენეჯერული თვისებებით შეუძლებელია უნივერსიტეტის მართვა, რექტორს უნდა ესმოდეს განათლების მნიშვნელობა, უნდა იცნობდეს უნივერსიტეტის ცხოვრებასა და საუნივერსიტეტო პროცედურებს. 

განსხვავებული აზრის მიუხედავად, ახალგაზრდები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კანონის დღევანდელი რედაქციით მიღება შეუძლებელია, რადგან ბევრ ხარვეზს შეიცავს და კიდევ ბევრია სამუშაო ამ საკითხზე. 

დისკუსიის შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართა იმის გასარკვევად, ეთანხმებიან თუ არა მოწვეული სტუმრები და სტუდენტები "განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების დღევანდელ რედაქციას.

თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტის ირაკლი ირემაძის თქმით, ის ამ კანონის მიმართ ზოგადად უარყოფითად არის განწყობილი. "თუმცა, შეიძლება, გარკვეულწილად ორ ნაწილად გავყოთ: არის საკითხები რომელთა მიმართაც არის პოზიტიური თვალთახედვა და არის საკითხები, რომლებსაც რადიკალურად არ მივესალმები. მაგალითად, რექტორის დანიშვნა პრინციპულად მიუღებელია, თუმცა, ისიც მიუღებელია, რომ არსებული რეგულაცია დარჩეს, ანუ აკადემიურმა საბჭომ აირჩიოს რექტორი. იმიტომ, რომ არსებული აკადემიური საბჭო არის ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე, მისი წევრები არიან დანიშნული ყოფილი პოლიტიკური ძალის მიერ. ვფიქრობ, უნდა მოხდეს ამ საკითხის "გაწელვა", დადებითი ასპექტები გაფართოვდეს და უარყოფითი -გამოსწორდეს" - ამბობს ირაკლი ირემაძე.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary