სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია
19 ივლისი, 2013
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტისა და ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ერთიანი ელექტრონული ბაზისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ინიციატივით, შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, კერძოდ, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ერთიანი ბაზა. პროგრამის მიზანია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის უკეთესი კომუნიკაციის დამყარება. 

აღნიშნული პროგრამის დახმარებით, სამინისტრო შეძლებს ბაზაში არსებული ორგანიზაციებისთვის სიახლეების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას. ხოლო, თავის მხრივ, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეუფერხებლად ექნებათ წვდომა სამინისტროს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულთან. ორმხრივი თანამშრომლობის რეჟიმში არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, მიმართონ სამინისტროს სხვადასხვა უწყებას კითხვით, წერილობით და ასე შემდეგ.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწონებასთან ერთად რამდენიმე შესწორება და კრიტიკული შენიშვნაც გაჟღერდა. კერძოდ, ეს ეხებოდა ერთიან ბაზაში მხოლოდ რეგისტრირებული ორგანიზაციების შეყვანის საკითხს. არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნით, სამინისტრო შეეცდება ბაზაში არარეგისტრირებული არასამთავრობო სექტორიც შეიყვანოს. სამინისტროს წარმომადგენლებმა და მათ შორის მინისტრმა ლევან ყიფიანმა სურვილი გამოთქვეს აღნიშნული პროექტის სრულყოფისთვის ერთობლივი თანამშრომლობისა. 

სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის სამინისტრო როტაციის პრინციპით გამოყოფს ფართს და საოფისე აღჭურვილობას. ჩატარდება სპეციალური ტრენინგები და მართვის კურსი, რომელიც ორგანიზაციებს დაეხმარებათ კვალიფიციურად მართონ თავიანთი საქმიანობა და მოიძიონ გრანტები. აღნიშნულ საკითხზე გარკვეულ კრიტერიუმებთან ერთად ე.წ. "დასწრების" პრინციპიც იქნება გათვალისწინებული. როგორც სამინისტროში განმარტეს, ისინი აღნიშნულ დახმარებას მინიმუმ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას გაუწევენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის" წევრის ქეთი ვაშაძის თქმით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. "საინფორმაციო შეხვედრა იყო და ეს არის სამინისტროს მიერ წინგადადგმული ნაბიჯი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით და, მეორე მხრივ, არასამთავრებოებისთვის ეს არის კარგი საშუალება, მიიღონ ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობის შესახებ, უშუალოდ ჩაერთონ სხვადასხვა მუშა ჯგუფის სამუშაო პროცესში. ამ ყველაფრის მიზანი კი ის არის, რომ სამინისტრომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღოთ უკეთესი შედეგი ქვეყნისთვის" - განაცხადა ქეთი ვაშაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary