დისკუსია განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე
22 ივლისი, 2013
დისკუსია განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე - "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების სტიმულირება."

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს: შესაძლებელია თუ არა, სახელმწიფომ დააწესოს გარკვეული შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აქტიურად გამოიყენებენ განახლებადი ენერგიის წყაროებს, რა სახის შეღავათი შეიძლება დაწესდეს, აქვს თუ არა სახელმწიფოს ამის რესურსი და ა.შ. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ არასამთავრობო და ბიზნეს სექტორი, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ განახლებადი ენერგიის გამოყენების საკითხი ყველას პრობლემაა და არა მხოლოდ სახელმწიფოს, ან რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის. საქართველოში ჰიდრორესურსების ათვისების დონე ძალიან დაბალია, თუმცა, სანამ მოხდება მათი აშენება, უნდა მოხდეს ბევრი ფაქტორის გაზომვა და განსაზღვრა. განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით განიხილეს საქართველოსა და გერმანიის მაგალითები. აღნიშნეს, რომ საქართველოს ამ კუთხით დიდი რესურსი გააჩნია, რომელიც აუთვისებელია და უაღრესად დიდი პოტენციალი არამიზნობრივად იკარგება. მზის ენერგიას რაც შეეხება, საქართველოში 365 დღიდან 250-285 დღე მზიანია მთელი წლის განმავლობაში და მზის ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი 0 %-ია მაშინ, როდესაც გაცილებით ცივი კლიმატის მქონე გერმანიაში მზის ენერგიის გამოყენების მაჩვენებელი 20%-ია. ბიოენერგიის გამოყენების მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ მაღალია. ბიოენერგიის გამოყენების 60% საქართველოში შეშაზე მოდის, რაც კატასტროფული რაოდენობაა. მაშინ, როდესაც ცივილური ქვეყნები სპეციალურ მეურნეობებს აწყობენ ბიომასალის მოსაყვანად და ასეთი გზით მიღებულ პროდუქტს იყენებს ბიოენერგიის წყაროდ. საქართველოს ამ კუთხითაც უდიდესი რესურსი აქვს მიწისქვეშა ცხელი წყლების სახით. მაგალითად, სამეგრელო, ფაქტობრივად, ცხელ წყლებზე დგას. ადრე ხდებოდა ამ რესურსის გამოყენება, თუმცა, არასწორად. არ ხდებოდა ამოღებული ცხელი წყლის უკან დაბრუნება, პირიქით, გამოყენებული ცხელი წყალი მდინარეებში ჩაედინებოდა. 

შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე ელექტროენერგიასთან დაკავშირებითაც. აღნიშნეს, რომ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები იმდენად მოძველებულია, რომ მომხმარებელთან მიწოდებამდე ენერგიის 20% არამიზნობრივად იკარგება. 

"საქართველოში ენერგეტიკის სფერო 1997 წელს მიღებული კანონმდებლობით რეგულირდება, რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, პარადოქსია და გამოსწორებას საჭიროებს" - აღნიშნა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა ავთანდილ გელაძემ.

"დღეს ჩვენ ჩავატარეთ ჩვენი მორიგი დისკუსია, რომელიც შეეხებოდა განახლებადი ენერგორესურსების სტიმულირებას. მოწვეული გვყავდა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი, ენერგეტიკის ექსპერტი. ამ დისკუსიებს იმისთვის ვატარებთ, რომ შემდეგ აღნიშნული პროექტი წარვადგინოთ პლენარულ სხდომაზე და მივცეთ კანონის სახე. რა თქმა უნდა, სანამ მივიღებთ კონკრეტულ საკანონმდებლო ფორმას, მანამდე ვატარებთ დისკუსიებს, კვლევებს, ვცდილობთ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ პრესის საშუალებით და უფრო აქტიურად გაშუქდეს ეს ყველაფერი. თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, ეს ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ძალიან დიდი წარმატება იქნება" - განაცხადა მარიამ დვალიშვილმა, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დეპუტატმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary