„საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“ ტექნიკურ უნივერსიტეტში
11 სექტემბერი, 2013
„საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“ ტექნიკურ უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“ გაიხსნა.
ავტობანების მშენებლობისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განვითარების სექტორის მხარდაჭერისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თანაორგანიზატორებსა და პარტნიორებთან ერთად მასპინძლობს. კონფერენციის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ესწრებოდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ კონფერენცია ხელს უწყობს ევროპული გამოცდილების გაცნობას, გაზიარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას.

„ძალიან საინტერესო კონფერენციაა, ვეცნობით ევროპულ გამოცდილებას საგზაო ინფრასტრუქტურასა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე. ეს გამოცდილება არის როგორც საპროექტო სამუშაოებთან, ისე მშენებლობასთან დაკავშირებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ ევროპული სტანდარტების დანერგვა, ინფრასტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური გამოცდილების გაზიარება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღევანდელი კონფერენცია რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავდა. ყურადღება გამახვილდა გზების დაპროექტებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურაში უსაფრთხოების მართვასა და თანამედროვე გეოდეზიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე გზების პროექტირებასა და მშენებლობაში, ასევე წარმოდგენილი იყო ცივი მეთოდით გზის ზედაპირის ბიტუმის შემცველი თხელი ფენით დაფარვისა და თანამედროვე სატკეპნი ტექნოლოგიები.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში საგზაო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. კონფერენციაზე კომპანია „ლეიკა ჯეოსისტემსის“ წარმომადგენელმა არჩილ კონიაშვილმა თანამედროვე გეოდეზიური ინსტრუმენტები წარმოადგინა. როგორც მან აღნიშნა, გეოდეზიური ინსტრუმენტების გამოყენება მჭიდროდ არის დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების გეოდეზიურ უზრუნველყოფასთან.

„დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც დაკავშირებულია საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების გეოდეზიურ უზრუნველყოფასთან. ახალი ტექნოლოგიები მაქსიმალურად აადვილებს და ზრდის წარმოებული სამუშაოების სიზუსტეს. დღეს ეს ტექნოლოგიები უკვე ძალიან ფართოდ გამოიყენება საქართველოში და იმედია, რომ მომავალშიც მათი გამოყენების ხარისხი მაღალი იქნება“ - აღნიშნა არჩილ კონიაშვილმა.

ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია კიდევ ორ დღეს გასტანს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ავტობანებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებით დაინტერესებული ოფიციალური პირები, ექსპერტები, პრაქტიკოსები, კერძო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის დაინტერესებული მხარეები. კონფერენციის მიზანია აღნიშნულ სექტორში გლობალურ დონეზე აღიარებული ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, გამოცდილების გაცვლა, კერძო და საჯარო სექტორს შორის კონტაქტების დამყარება და აღნიშნულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

კონფერენცია ოფიციალურად 13 სექტემბერს დაიხურება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary