ოცამდე პარტიზანმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე სკვერის დასუფთავების აქცია მოაწყო
14 სექტემბერი, 2013
ოცამდე პარტიზანმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე სკვერის დასუფთავების აქცია მოაწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პარტიზანი მებაღეები დღეს დილიდან ელიავას ბაზრობის მიმდებარე სკვერში შეიკრიბნენ და დასუფთავება-კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარეს, რითიც სკვერში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. მათ სკვერი დაასუფთავეს, ძველი საბურავები მოხატეს და შიგნით მცენარეები ჩარგეს.
როგორც „პარტიზანული მებაღეობა თბილისის“ დამფუძნებელი, ნატა ფერაძე ამბობს, მათ სკვერის დასუფთავების მოთხოვნით გამგეობას მიმართეს, თუმცა, მიიღეს პასუხი, რომ გამგეობა აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა.

„ერთ-ერთმა ქალბატონმა ფეისბუკზე დაგვიდო ფოტოები, თუ რა ხდებოდა ამ სკვერში. მივმართეთ გამგეობას, დაელაგებინათ ეს სკვერი, გვითხრეს, რომ კერძო სკვერის დალაგების უფლება არ ჰქონდათ. ხელმძღვანელობის თქმით, აუცილებლად დაალაგებდნენ. ველოდეთ ორი კვირა, არ გამოჩნდნენ. ახლა მოვედით, აქ დაყრილი ნაგვისგან სირცხვილის ქანდაკება გავაკეთეთ, რომელიც იქნება ელიავას ბაზრობისა და ყველა ნაგვის დამყრელის სიმბოლური სირცხვილის ქანდაკება“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.
სტუდენტი ქეთი ებიტაშვილი აქციაზე ყვავილის ნერგებით მოვიდა. როგორც ქეთი ამბობს, პარტიზანების აქციაში დღეს პირველად მონაწილეობს.

„ ყოველთვის მაწუხებდა როგორი სიტუაციაა საქართველოში გამწვანებისა და სისუფთავის მხრივ. როცა გავიგე, რომ არსებობდა პარტიზანი მებაღეობა თბილისში, გადავწყვიტე გავწევრიანებულიყავი. დღეს პირველი აქციაა, რომელშიც ვმონაწილეობ. მოვიტანე ყვავილები, ჯერ ვასუფთავებთ და შემდეგ გავაკეთებთ ორიგინალურ ნარგავებს, რომელიც ელიავას მიმდებარე სკვერს გაალამაზებს. ჩემი აზრით, რაც არ მოგწონს, თვითონ უნდა შეცვალო“ - აღნიშნა ქეთიმ.

ალექსანდრე ქიტიაშვილი მსგავს აქციებში ხშირად მონაწილეობს.

„ დღეს პარტიზანებს ფიზიკური მუშაობით ვეხმარები. ხეების დარგვის აქციაში ოთხჯერ მივიღე მონაწილეობა. მომავალშიც აუცილებლად ჩავერთვები მსგავს აქციებში“ -აღნიშნა მან.

ელიავას ბაზრობის დასუფთავების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სკვერის დაბინძურებასთან ბაზრობა არაფერს შუაშია. როგორც პარტიზანები ამბობენ, აქციებს კიდევ გამართავენ. ისინი მერიიდან დასუფთავების სამსახურს ელოდებიან.
ხოლო რაც შეეხება მათ მიერ დაგეგმილ აქციებს, პარტიზანები 20 სექტემბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, დარგვის აქციას მოაწყობენ. 30 სექტემბერს კი ისინი მასშტაბური აქციით სარეკრეაციო და მწვანე ზონების ჩეხვაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary