ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილიც დაემატება
31 ოქტომბერი, 2013
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილიც დაემატება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
2014 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილიც დაემატება - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, უცხო ენის გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი და გააკეთოს შესაბამისი დავალებები.

როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე დავალება მარტივი იქნება, ბარიერის გადალახვაზე ეს გავლენას არ მოახდენს და 100 ქულიდან მხოლოდ 8 ქულა დაეთმობა მოსმენის ნაწილს, რაც აბიტურიენტებისთვის რთული არ იქნება. "გამოცდა დაიწყება ამ ტესტით და 10-12 წუთს გაგრძელდება. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ უცხოური ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის სამუშაო ვარიანტი სკოლებს ხვალიდან გაეგზავნებათ და ვებგვერდზეც განთავსდება" - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს გარკვეულ ლოჯისტიკურ ცვლილებებსაც მოითხოვს და ამის გამო შესაძლოა, საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაიზარდოს. "ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სექტორში მოსმენის პერიოდში გარედან ხმაური არ იყოს. შესაბამისად, სპორტულ დარბაზებსა და დერეფნებს ჩვენ ვეღარ გამოვიყენებთ, ამიტომ საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაიზრდება" - აღნიშნა მიმინოშვილმა.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. გარდა ამისა, საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება. 

2014 წელს ისევე, როგორც წელს, აბიტურიენტებს შეეძლებათ, განაცხადში მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება. არჩეული პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება, აბიტურიენტები კვლავ შეძლებენ საბოლოო არჩევანის გაკეთებას ყველა გამოცდის შედეგის გაგების შემდეგ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary