სტუდენტურმა მოძრაობამ ”მწვანე მუშტი” ხუდონჰესის მშენებლობა გააპროტესტა
09 ნოემბერი, 2013
სტუდენტურმა მოძრაობამ ”მწვანე მუშტი” ხუდონჰესის მშენებლობა გააპროტესტა  ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სტუდენტურმა მოძრაობამ "მწვანე მუშტი" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარლამენტის შენობის წინ ხუდონჰესის მშენებლობა გააპროტესტა.

აქცია დღის 12:00 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს. 

როგორც მოძრაობა "მწვანე მუშტის" წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ორგანიზაცია ამ მოთხოვნით გამოსვლებს გააგრძელებს.

"ვუერთდებით იმ აქციას, რომლის მოთხოვნა არის ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერება. მშენებლობის შედეგად 184 ოჯახს გაურკვეველი მიმართულებით გადასახლება ემუქრება ხაიშის თემის თოთხმეტამდე სოფლიდან. ხუდონჰესის მშენებლობის შემთხვევაში უნდა განადგურდეს 1100 ჰექტარი მიწა და უკვე დაწყებული არქეოლოგიური გათხრები, წმინდა გიორგის ეკლესია, ანუ კულტურული მემკვიდრეობა. ამ ყველაფრის ფასად, კოლოსალური მოგება უნდა ნახოს არა საქართველოს სახელმწიფომ და ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ ინდურმა საინვესტიციო კომპანიამ "ტრანს ელექტრიკამ". გვსურს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სვანეთის მოსახლეობის სასარგებლოდ მიიღოს და ამ მოთხოვნით მუშაობას გავაგრძელებთ" - განაცხადა ლევან ლორთქიფანძემ.

ორგანიზაციის "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი კავკასიაში" თავმჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დღეს პარლამენტში განცხადება შევა.

"ხელისუფლება არღვევს პირობას და დიდი კაშხლების მშენებლობის აკრძალვაზე უარს ამბობს. ჩვენ თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ პარლამენტარს მივმართავთ და მოვითხოვთ მათგან წერილობით და საჯარო პოზიციის გამოთქმას იმის თაობაზე, მიიჩნევენ თუ არა ისინი საჭიროდ დაპირების შესრულებას. ჩვენი ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით და ყველა ორგანიზაციას მიმართავს, რომ დავიწყოთ ზრუნვა რეფერენდუმის ორგანიზებაზე, როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს დანაპირების შესრულებას" - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

საზოგადო მოღვაწე, მწერალი ერეკლე საღლიანი სტუდენტების აქტივობას საკითხთან მიმართებაში დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სტუდენტობა უმთავრესი ძალაა მსგავსი პრობლემების გადაწყვეტისთვის.

"სტუდენტობა უმთავრესი მმართველი ძალაა. როცა მათ ვუყურებ, იმედი მიბრუნდება და ვფიქრობ, რომ სვანეთის პრობლემა სტუდენტების თანადგომით დადებითად გადაწყდება" - განაცხადა ერეკლე საღლიანმა.

ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს სტუდენტები და სხვადასხვა ორგანიზაცია კვლავ აპირებენ. დღევანდელ აქციაზე არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ სხვადასხვა ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary