საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზ „უნივერსში“ სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით გაიხსნა ცნობილი ჩეხი არქიტექტორის იან ბოჩანის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენის ორგანიზატორის, გოჩა მიქიაშვილის თქმით, ეს გამოფენა ჩატარდა პრაღაში, ლონდონში და შემდეგ ჩამოვიდა თბილისში: „იან ბოჩანი არა მარტო ცნობილი არქიტექტორი იყო, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორიც. თავისი ნამუშევრებით ის ცნობილი იყო ჩეხეთის ფარგლებს გარეთაც. იან ბოჩანის გარდაცვალების 2 წლის შემდეგ, მისმა მოსწავლეებმა ამ გამოფენის მოწყობით გადაწყვიტეს თავისი მასწავლებლის მიმართ გამოეხატათ პატივისცემა”.
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები თამარი ჩინჩალაძე და ლიკა ალხაზიშვილი დაინტერესდნენ ჩეხი არქიტექტორის ნამუშევრებით. „ვცდილობ დავესწრო გამოფენებს. ყველა ნამუშევრიდან გამოვყოფდი რკინიგზის სადგურის პროექტსა და სავარძელს” – აღნიშნა თამარ ჩინჩალაძემ.
გამოფენა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.