თბილისის მედიაკონფერენცია 2013
29 ნოემბერი, 2013
ფრონტლაინ კლუბში თბილისის მედიაკონფერენცია 2013 გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" და ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო".

კონფერენციის ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ ქართულ მედიაში არსებულ ვითარების განხილვასა და განვითარების პერსპექტივებზე საუბარს. 

რასტო კუჟელიმ (მედიაექსპერტი სლოვაკეთიდან), გიორგი ჯოლოგუამ (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მედიის კვლევების ხელმძღვანელი) და თამარ ხორბალაძემ (მედიის განვითარების ფონდი) კონფერენციის პირველ ნაწილში იმსჯელეს საკითხზე - "აქვს თუ არა ახალ პოლიტიკურ რეალობას გავლენა მედიაზე?"

კონფერენციის მეორე ნაწილის წევრები იყვნენ: ეკა ციმაკურიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორი, უჩა სეთური - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მედიისა და ტელეკომუნიკაციების ექსპერტი და რუსუდან მიხელიძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მათ განიხილეს შემდეგი საკითხები: მაუწყებლობის რეგულირება, მედიის თვითრეგულირება, ციფრული მაუწყებლობის გამოწვევები და ინფორმაციის თავისუფლება.
მესამე ნაწილში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრეს ეთერ თურაძემ - გაზეთ "ბათუმელები"-ს მთავარმა რედაქტორმა, ზვიად ქორიძემ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა და ბაქერ მოინიმ - მედიაექსპერტმა დიდი ბრიტანეთიდან.

მეოთხე და ბოლო პლაგინის წევრები იყვნენ ნათია კუპრაშვილი - საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა გვარამია - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი, რატი სხირტლაძე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და ქეთევან ბუაძე - სარეკლამო კომპანია "მედია პორტი". სტუმრებმა საკუთარი პროფესიული გადმოსახედიდან ისაუბრეს მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასა და სარეკლამო ბაზარზე. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებები სტატისტიკურ ფორმებთან მიმართებაში მიუღებელია. ეს ცვლილებები ეხება იმას, რომ ანგარიშების ფორმებში მითითებული უნდა იყოს ტელევიზიის ან რადიოს შემოსავალი (თუ ის 7000 ლარს აღემატება) და ამ პირების ვინაობას კომისია გაასაჯაროებს. "ამ ინფორმაციის გამოყენება შეუძლიათ კონკურენტებს. ადვილი არითმეტიკული გამოთვლით, ისინი გაიგებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც ეხება რეკლამის განთავსებას ტელეეთერში". ამ საკითხს დიდი დისკუსია მოჰყვა, მაგრამ დროის ფაქტორის გამო, ბევრ კითხვას პასუხი ვერ გაეცა. ამიტომ, ხატია ჯინჯიხაძემ - ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" მედიის პროგრამის მენეჯერმა გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხის ირგვლივ მოეწყოს შეხვედრა, სადაც უფრო ვრცლად განიხილება ეს პრობლემა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary