გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით თბილისის "არტ ჰოლში" ბერი ანდრიას სახელობის ფონდისათვის საქველმოქმედო საღამო "ნაბიჯი ერთად-ნაბიჯი წინ" გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი სახეები, როგორც მომღერლები, ასევე ილუზიონისტები, მოცეკვავეები და პოეტები, მათ შორის: ჯგუფი LOUDSPEAKERS, ქეთი ორჯონიკიძე, მარიამ ელიაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნონა გიუნაშვილი, გიორგი ბეღელაძე, დათო რობაქიძე, თიკა ჯამბურია, ლიზა ჩიჩუა, გიორგი არაბული, თორნიკე სულაბერიძე.
ბილეთის ფასი 5 ლარი იყო, შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებისათვის ფონდში გადაირიცხება. ღონისძიების სპონსორი იყო ტელეგადაცემა ,,ნანუკას შოუ" და მცხეთის მუნიციპალიტეტი. ღონისძიებას 5 წამყვანი (ბარბარე დავითაძე, გუდუნა დარბუაშვილი, ლიკა კაჭარავა, ლიკა ფანცულაია და დათო რობაქიძე) ჰყავდა. ისინი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ღონისძიება ვიდეოკოლაჟითა და გალობით გაიხსნა. წამყვანებმა დათო რობაქიძემ და ბარბარე დავითაძემ დამსწრე საზოგადოებას ბერი ანდრიას მოკლე ბიოგრაფია გააცნეს. ,,მადლობა თქვენ რომ მობრძანდით, ერთი ბილეთის ყიდვით ერთი სიცოცხლე გადაარჩინეთ" - აღნიშნა ბარბარე დავითაძემ.
მომღერალმა მარიკო ებრალიძემ მადლობა გადაუხადა იდეის ავტორსა და ორგანიზატორებს: ,,ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, მეტი რა შეგვიძლია მომღერლებს, ხელოვანებსა და ყოველთვის წარვსდგები ასეთ საქველმოქმედო საღამოებზე თქვენ წინაშე" - განაცხადა მან.
,,ნელ-ნელა გავიზრდებით, მე კი ყოველთვის მოხარული ვიქნები, მონაწილეობა მივიღო ასეთ ღონისძიებებში" - მიმართა მსმენელს მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ.