საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სკოლამ ,,ნიჭიერთა ათწლედი" კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გამართა სახელწოდებით - ,,GIORGI MIQADZE GROUP".
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გიორგი მიქაძე (ფორტეპიანო), დანიელ როტემი (საქსაფონი), ჯარედ ჰენდერსონი (კონტრაბასი) და რობერტო ჯიაკვინტო (დასარტყამი ინსტრუმენტი). კონცერტი დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა. ბენდმა გიორგის მიქაძის რეპერტუარი, რობერტო ჯიაკვინტოსა და დანიელ როტემის ორი ნომერი და სტივ ვანდერის რეპერტუარი (I can"t help it) შეასრულა.
ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი ბოსტონში გაიცნეს და უკვე ერთი წელია, რაც ერთად უკრავენ, როგორც ჯაზ-ბენდი. კონცერტის საქართველოში ჩატარების იდეა გიორგის დას თამუნა მიქაძეს დაებადა. ჯგუფის წევრებს სურდათ, გაცნობოდნენ იმ ქვეყნის კულტურასა და მუსიკას, საიდანაც გიორგი იყო. როგორც გიორგი მიქაძემ განაცხადა, მას დიდი ხანია სურდა საქართველოში ჩამოსვლა და დაკვრა ისეთი სახით, რასაც ჰქვია იმპროვიზაციული მუსიკა, ჯაზი და ასევე წარმოედგინა საკუთარი კომპოზიციები ქართველი მსმენელისთვის.
პროექტი ასევე მოიცავდა მასტერკლასს, რომელიც კონსერვატორიის ახალგაზრდა მუსიკოსებს ჩაუტარდა.