შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუსიკალური პროექტის "მე ვხედავ მზე" პრეზენტაცია გაიმართა.
სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით კომპანია "ბრავო რექორდსი" მუშაობას იწყებს ახალ მუსიკალურ პროექტზე "მე ვხედავ მზეს". პროექტი გულისხმობს CD ალბომის გამოცემას, რომელშიც შევა შშმ პირებისა და ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული 10 სასიმღერო კოლაბორაცია, როგორც პოპულარული, ასევე უცნობი ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოებები.
პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
"ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან შშმ პირებმა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად და საზოგადოების მხრიდანაც მოხდეს მხარდაჭერა. ამ პროექტის ფარგლებში, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულმა ბავშვებმა შეძლეს, წარმოეჩინათ თავიანთი ნიჭი და ამისათვის დიდი მადლობა "ბრავო რექორდს" და ქალბატონ რუსა მორჩილაძეს, რომელიც მხარში ამოგვიდგა. მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება" - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ამ პროექტში მონაწილე შშმ პირთა მუსიკალურმა კვარტეტმა სიმღერა შეასრულა სახელწოდებით - "ედელვაისი".
დეკემბრის ბოლოს პროექტი დასრულდება და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მიეცემა, შეიძინოს CD ალბომი, რომელიც გაიყიდება "ბრავო რექორდს"-ის სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში. CD ალბომების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების მოგვარებას.