"რეპორტიორის" პრესკლუბში "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ მოშიმშილე პატიმრების შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
როგორც ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. ორგანიზაციის წევრების თქმით, მათ ორი დღის წინ პატიმრები დაუკავშირდნენ, რომლებმაც კონკრეტული ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სასჯელაღსრულების ოფიცრები ნიკა მერებაშვილი, ზურაბ ტაბატაძე და დავით გოგავა პატიმრების უფლებებს ლახავენ.
"ჩვენს ორგანიზაციას ორი დღის წინ პატიმრები დაუკავშირდნენ. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. დაახლოებით 200 პატიმარი შიმშილობს. ჩვენ მოვუწოდებთ სოზარ სუბარს, რომ ყურადღება მიაქციოს პატიმრებს და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. ჩვენ, როგორც უფლებადამცველები, ვიქნებით გარანტი იმისა, რომ თითოეული პატიმრის უფლებები დაცული იქნება. ასევე მივმართავთ სოზარ სუბარს თხოვნით, რომ მან დაუშვას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფლებადამცველები და მისცეს მათ საშუალება, პატიმრებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარნონ. მოვუწოდებთ პროკურატურას, რომ აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს და ვითხოვთ, გამოძიება დაიწყოს" - განაცხადა "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარემ.
კობაიძემ კონკრეტული პატიმრებიც დაასახელა, რომელთა შორის არიან: არჩილ ფაჩულია, ვიქტორ მიჩიტაშვილი, ვლადიმერ გიორგაშვილი, ვაგიმ მუსტაფაევი, ჯაბა სოფრომაძე. მისი თქმით, ჯაბა სოფრომაძესა და არჩილ ფაჩიტაშვილს ამოკერილი აქვთ პირი, ისინი შიმშილობის უკიდურეს ზომას მიმართავენ. ისინი საქმეების გადახედვასა და შეკრებითობის პრინციპით შეფარდებული სასჯელის შეცვლას მოითხოვენ.