"დავითიანნში" შეხვედრა გაიმართა თემაზე - "საბერძნეთის დიპლომატიის დღე".
საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს გაცვლითი პროგრამები, რომლებიც საბერძნეთში მოქმედებს.
პრეზენტაციას უძღვებოდა ჯორჯ პსიახისი (George Psiachas), რომელიც საბერძნეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და პირველი მრჩეველია. მან ისაუბრა დღევანდელ საბერძნეთზე, კერძოდ, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. "ვისურვებდი, ჩემს ქვეყანაში დაბრუნდეს მშვიდობა და ეკონომიკური ბალანსი". მიუხედავად ასეთი ფინანსური ფონისა, საბერძნეთი კვლავ აქტიურად ახორციელებს გაცვლით პროგრამებს.
ჯორჯ პსიხიასის თქმით, საბერძნეთში არსებობს ევროპული თანამეგობრობის ცენტრი, რომლის ძირითად საქმიანობას სტუდენტების გაცვლითი პროგრამები წარმოადგენს. სალონიკის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და მასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამას.
შეხვედრაზე აღნიშნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პროგრამის "ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია" მნიშვნელობა. ამ თემაზე ისაუბრა თანამედროვე ბერძნული სწავლების პროფესორმა სოფია შამანიდმა. "ბერძნული ენა, ფაქტობრივად, 50 საუკუნეს მოიცავს. ევროპა საბერძნეთის კულტურაზეა აშენებული და თვით ევროპა არის საბერძნეთი". მისი თქმით, ამ პროგრამაზე არსებობს სამი მიმართულება: 1. კლასიკური ბერძნული - ძველი ტექსტების შესწავლა 2. ბიზანტია - ხიდი ანტიკურიდან თანამედროვე საბერძნეთამდე 3. ახალი ბერძნული - ენა, რომელზეც დღეს საუბრობენ.
საბერძნეთის დაფინანსებით საქართველოში დღემდე 17 სკოლაში ისწავლება ბერძნული ენა. საუკეთესო მოსწავლეები (ასევე საუკეთესო სტუდენტები) ერთვებიან გაცვლით პროგრამაში და მიემგზავრებიან საბერძნეთში. "ვცდილობთ, ვინც ჩვენთან სწავლობს ბერძნულს, სწავლის დამთავრებამდე ერთხელ მაინც გავაგზავნოთ ქვეყანაში" - განაცხადა სოფია შამანიდმა. ეს პროგრამა მოიცავს, როგორც საზაფხულო სკოლებს, ასევე შედარებით გრძელვადიან სწავლებას.
საბერძნეთში სწავლების გაგრძელების ორი გზა დაასახელეს მომხსენებლებმა. ესენია: 1. სახელმწიფო სტიპენდიების ფონდი - ეს პროგრამა მოქმედებს ათენის უნივერსიტეტში. მისი ხანგრძლივობა 8 თვეა. სტიპენდია მოიცავს საცხოვრებელ ფართს, კვებისა და ჯიბის ფულს 150 ევროს სახით. ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პროფესორის მოძებნა, რომელიც კანდიდატს უხელმძღვანელებს და წარადგენს მის მონაცემებს განათლების სამინისტროში. პროგრამა მოქმედებს ბაკალავრებისათვის; 2. ერასმუსის პროგრამა - ყველაზე გავრცელებული გაცვლითი პროგრამა, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში.
შეხვედრის შემდეგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის დროს პასუხი გაეცა დამსწრეთა შეკითხვებს. დისკუსიაზე, ძირითადად, საუბარი იყო საბერძნეთში სწავლების გაგრძელების საშუალებებზე.