სასტუმრო "ციტადინში" კონფერენცია გაიმართა გაერო-ში ახალგაზრდობის ელჩის პროგრამის განხილვაზე.
შეხვედრაზე წარმოადგინეს საქართველოში მოქმედი გაერო-ს სააგენტოების პროექტები და განიხილეს ამ სააგენტოებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.
ღონისძიება გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩმა თორნიკე ზურაბაშვილმა გახსნა და ისაუბრა იმ ძირითად ასპექტებზე, რამაც ხელი შეუწყო გაერო-ში ახალგაზრდული პროგრამის წარდგენას.
ამ პროგრამის შემქმნელმა და გასულ წელს გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გიორგი ჭეხანმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერ სამინისტროებს და განაცხადა: "ამ პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებმა ხმა მიაწვდინონ, როგორც ეროვნულ დონეზე შესაბამის უწყებებს, ასევე საელჩოებს და მათი შეხედულებები ცნობილი გახდეს საერთაშორისო დონეზე, რადგან ეს გზავნილები და ინიციატივები ყველამ იცის, რომ თავისუფალია პოლიტიკური წრეებისაგან".
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ვახტანგ ასანიძის თქმით, ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდა და თებერვალში გამოცხადდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გახდნენ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი. "კონკურსში ვიღებთ განაცხადებს რეზიუმეს სახით, მეორე ეტაპზე ხდება გასაუბრება და საჯარო გამოსვლა. სავარაუდოდ, მარტში უკვე ავირჩევთ ახალ კანდიდატს" - აღნიშნა ვახტანგ ასანიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არჩილ გეგეჭკორმა კონფერენციაზე ისაუბრა იმ ძირითად როლზე, რომელსაც ასრულებს ეს პროექტი. მისი თქმით: "შემდგომშიც წარმატებით განხორციელდება ეს პროექტი, რომლის მიზანიც არის ელჩის წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. გაერო, პირველ რიგში, არის სათათბირო ფორუმი, მისი წევრია 193 სახელმწიფო. უმთავრესია, რომ კონტაქტი გვაქვს ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან. ეს არის საქართველოსთვის მისი პოზიციების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის ეფექტური პლატფორმა".