კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი და კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ესტუმრა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო "ქართული კინო გუშინ, დღეს - გამოწვევები და პერსპექტივები".
მერაბ კოკოჩაშვილმა ყველა ის მიზეზი დაასახელა, რის შედეგადაც ქართული კინო განვითარდება და მსოფლიო გაიცნობს მას.
რეჟისორმა კინოს მიმოხილვა საბჭოთა კავშირის ეპოქიდან დაიწყო, აღნიშნა, რომ კინო მაშინ პროპაგანდის საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა.
"60-იან წლებში ქართული კინო განვითარდა და დაიწყო სიმართლისთვის ბრძოლა, მაგრამ მის წინააღმდეგ რუსეთი გაიჭრა დევიზით: "ქართული კინო არ მიყვება საბჭოთა კინოს". აღსანიშნავია, რომ ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა" - აღნიშნა მერაბ კოკოჩაშვილმა.
მერაბ კოკოჩაშვილმა კინოცენტრსა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებაზე ისაუბრა: "დღესდღეობით იგრძნობა ქართული ფილმის წინსვლა და შეგვიძლია, თამამად დაგისახელოთ წარმატებული ფილმები: "ქართველი დედები", დოკუმენტური ფილმები: "ბახმარო", "მანქანა, რომელიც ყველაფერს ფიქრობს" და ა.შ.
რეჟისორმა ქართველ კინემატოგრაფებს მოუწოდა, ითანამშრომლონ უცხოურ ფონდებთან და შექმნან ქვეყნის კულტურაზე საინტერესო ფილმები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტის ანინა ზამბახიძის თქმით, "დიდი პატივია ასეთი გამოჩენილი ადამიანის სტუმრობა ჩვენს უნივერსიტეტში, სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. ის არის პიროვნება, რომლის აზრი ყველასთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია".