საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გრიგოლ გეგელიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "ნიკოლო მაკიაველის "მთავარი": მითები და რეალობა, კონტექსტი და დრო".
"წელს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი "მაკიაველური წელი", რადგან 500 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მაკიაველიმ დაასრულა "მთავრის" წერა. ეს აღინიშნება სრულიად მსოფლიო მასშტაბით და მეც გადავწყვიტე, თბილისში მქონოდა შეხვედრა, სადაც გავიხსენებდით მაკიაველის. მისი იდეები, როგორც ცნობილია, არის დამახინჯებული და დღეს იქნება ჩემი მცდელობა, რომ დაზუსტება შევიტანო მათში" - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ანო ჯავახიშვილის თქმით, ამ ღონისძიების შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო და მოვიდა, რადგან ძალიან აინტერესებდა ეს თემა.
ლექციის ბოლოს აუდიტორიის მხრიდან შეკითხვები დაისვა.
გრიგოლ გეგელია ევროპის უნივერსიტეტის ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის დოქტორანტურის მკვლევარია.
"მე ვაპირებ სამომავლოდაც მრავალი ლექციის მოწყობას. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა ვიაქტიუროთ, იქნება ეს პრეზენტაცია თუ ნებისმიერი სახის სამოქალაქო ჩართულობა, ეს გვჭირდება ყველაზე მეტად და მაკიაველის, როგორც რესპუბლიკელს, ეს მოეწონებოდა" - აღნიშნა მომხსენებელმა.